სხდომის პარალელურად, საარჩევნო ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობისკენ პლასტმასის ჭიქები წარწერით „ქვა“ ისროლეს. ისინი პროტესტს რკინის ჯებირზე ხელ-ფეხის რტყმით გამოხატავენ.
„დღეს თამარ ჟვანია ზის ამ მონსტრების კორპორაციაში, ცდილობს შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერას და ფაქტობრივად მიტაცებული და თავზე გადახეული არჩევნების დაკანონებას. რა სახის დოკუმენტიც არ უნდა მიიღოს, ყალბი იქნება. ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნები: გადადგეს თამარ ჟვანია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩაატაროს დროებითმა ადმინისტრაციამ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენელმა გიორგი კაპანაძემ.
სხდომის დასაწყისში ცესკოს კომისიის წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ თამარ ჟვანიას გადადგომისკენ მოწოდა. მისი თქმით, ჟვანიას ადმინისტრირებით ჩატარებულმა 2020 წლის არჩევნებმა „საშინელ მდგომარეობაში ჩაყენა ინსტიტუტი“.
„ქუჩაში ათი ადამიანი რომ გააჩერიოთ, 9 მაინც გეტყვით, რომ არჩევნები გაყალბდა, ერთი კი თავს შეიკავებს რაღაც მიზეზების გამო. თქვენმა ქმედებებმა, თქვენმა გადაწყვეტილებებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუტი სამუდამოდ დამარხა და დააზიანა. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ნამდვილად ვერ იქნებით ცესკოს თავმჯდომარე. დღეს, ფაქტობრივად, ისტორია იწერება თქვენ გაქვთ ერთი გამოსავალი - ან იყოთ ერთი ადამიანის სამსახურში ან დადგეთ ხალხის მხარეს“, – განაცხადა დავით კირთაძემ.
ამის პასუხად ჟვანიამ თქვა, რომ კირთაძეს სხდომის არევა სურდა და პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებებს აკეთებდა.
„თქვენი შეშინებული არავინ მინახავს. ნურავის აშინებ. ეგ არის შანტაჟი, მუქარა. ან გაჩუმდები ან გახვალ. პოლიტიკურ განცხადებებს თავი დაანებე“, – მიმართა კირთაძეს ჟვანიამ.
ცესკოში არჩევნების შედეგები გასაჩივრებული აქვთ „ევროპულ საქართველოს“, „ნინო ბურჯანაძე-ერთიან საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებულ ოპოზიციას“, „პატრიოტთა ალიანსს“, პარტიას „სამართლიანობისთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“.